მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი
ვინ არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი და რა მიზნებს ემსახურება მისი საქმიანობა?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც სქემა სთავაზობს ზოგადასაგანამანათლებლო სისტემას, არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინსტიტუტის შემოღება სკოლებში. მისი დანიშნულებაა თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა, გაანალიზება, ამ სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით მის პროფესიულ განვითრებაზე ზრუნვა და ამ გზით სკოლაში ზოგადი პროფესიული დონის ამაღლება. რა თქმა უნდა, ფასილიტატორის, ისევე, როგორც სქემაში ჩართული ყველა პირის, საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანენ სკოლის განვითარებაში. ამდენად, ფასილიტატორის ინსტიტუტის წარმატებით დანერგვა და ამოქმედება არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლის, არამედ საბოლოოდ მთლიანად სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა ფასილიტაცია პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტურ ფორმად არის მიჩნეული, რადგან იგი მიმართულია ცალკეული მასწავლებლის საჭიროებებზე და, ამასთანავე, იძლევა საშუალებას, გათვალისწინებულ იქნას კონკრეტული სკოლის, კლასის და მთლიანად რეგიონის თუ თემის სპეციფიკური მახსიათებლები, ანუ კონტექსტი, რომელშიც მასწავლებელს უწევს მუშაობა.
პროფესიული განვითარების მიზნით აქამდე შეთავაზებული ყველა მექანიზმი, მათ შორის, ტრენინგები და სხვადასხვა ტიპის რესურსები, უმეტესად უნიფიცირებული, საერთო სტანდარტზე მორგებული იყო და ხშირად არ ეხმიანებოდა კონკრეტული სკოლის მოთხოვნებს და საჭიროებებს, ასევე არ ითვალისწინებდა რეგიონის სოციალურ თუ კულტურულ თავისებურებებს. ახლა კი ყველა სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ სკოლას, მის ისტორიას და, რაც მთავარია, აქვს სურვილი, რომ ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვერ მოხერხდება ფასილიტატორის შერჩევა, ამ ფუნქციის შესასრულებლად მივლენილი პირი ვალდებული იქნება, უპირველესად კარგად შეისწავლოს მოცემული რეგიონის და სკოლის სპეციფიკა და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა.
მიზნობრივი, ფოკუსირებული პროფესიული განვითარება. ფასილიტატორი მასწავლებელს ეხმარება სქემით განსაზღვრული აქტივობების გონივრულად დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში. ფასილიტატორის საქმიანობა არის სისტემური, კარგად დაგეგმილი და მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული. ამგვარი ფასილიტაცია გაცილებით ეფექტურია, რადგან იგი რეალურად ეხმარება მასწავლებელს როგორც პროფესიულ წინსვლაში, ისე საკუთარი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების უკეთ გაცნობიერებაში. ფასილიტატორი მუდმივად თანამშრომლობს მასწავლებლებთან – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ის ეცნობა და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში საკუთარი საჭიროებების გამოვლენაში, შემდეგ ინიდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში, უწევს კონსულტირებას, მხარს უჭერს მას შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, ასევე, როგორც შეფასების ჯგუფის წევრი, აფასებს მის მუშაობას უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვებისა და პროფესიული საქაღალდის შეფასების საშუალებით, და, რაც მთავარია, აწვდის მას უკუკავშირს.
ამდენად, სრულიად ნათელია, რომ ამგვარი ინტენსიური თანამშრომლობა ზრდის შანსს, რომ ფასილიტატორისა და ცალკეული მასწავლებლის ურთიერთანამშრომლობა იყოს სწორედ მასწავლებლისა და სკოლის საჭიროებაზე მორგებული და, ამავე დროს, ორიენტირებული ძალიან მკაფიო და კონკრეტული მიზნების მიღწევაზე.
სკოლაში პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ფასილიტატორის ინსტიტუტის ამოქმედება სკოლაში ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას კოლეგებს შორის როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ დონეზე. ფასილიტატორს უდიდესი როლი აქვს სკოლაში ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიეთთანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში. მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, დაეხმაროს ყველას – როგორც მასწავლებლებს, ისე სქემაში ჩართულ სხვა პირებს – პროფესიულ ურთიერთობებში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების კარგად გააზრებაში. სკოლაში პროფესიული საუბრებისა და დისკუსიების კულტურის ჩამოყალიბება პროფესიული ურთიერთობების კიდევ ერთი ასპექტი არის არსებითი, პრობლემური საკითხების ირგვლივ დისკუსიის, საუბრების კულტურის დანერგვა და წახალისება სკოლაში. მასწავლებლებთან საკონსულტაციო თუ შემაჯამებელი შეხვედრების, ასევე მათთვის რეკომენდაციებისა და განამავითარებელი შეფასების მიცემის დროს ფასი- ლიტატორი იყენებს კომუნიკაციის განსაკუთრებულ ტექნიკას, აქტიური მოსმენისა და კითხვების დასმის სტრატეგიებს, რომლებსაც ის აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს. ყოველივე ეს პოზიტიური, ურთიერთთანამშრომლობითი გარემოს შექმნის გარდა, რეალურად ეხმარება მასწავლებლებს პრობლემური საკითხების გამოკვეთაში, მათ სიღრმისეულად გააზრებასა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში.
თვითგანვითარება - ბუნებრივია, ფასილიტატორი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ კოლეგებისა და სკოლის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ თვითგანვითარებაზეც. ფასილიტატორობა ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა, რადგან კოლეგებთან თანამშრომლობას ორმხრივი სარგებელი მოაქვს. გამოცდილების ურთიერთგაზიარების, მოსაზრებათა და შეხედულებათა გაცვლის გზით კოლეგები სწავლობენ და იზრდებიან, როგორც პროფესიონალები. ამასთანავე, მუშაობისას ფასილიტატორს კარგი შესაძლებლობა ეძლევა გამოავლინოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იმ შემთხვევაში, თუ ფასილიტატორი ხედავს, რომ სჭირდება საკუთარი კომპეტენციების გაღრმავება გარკვეული მიმართულებით, მას შეუძლია მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვოს ცენტრის კონსულტანტის დახარება. ამავდროულად, დაგეგმილია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორების სისტემური გადამზადება მათი არჩევისათანავე. გადამზადების კურსი იქნება გრძელვადიანი და მომავალში დაეფუძნება გამოვლენილ საჭიროებებს.
სკოლის განვითარება სქემის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატო- რი მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეულ მასწავლებელთან, ასევე სკოლის ადმინისტრაციასთან. ეს მას საშუალებას აძლევს გამოკვეთოს ზოგადი ტენდენციები სკოლაში და სხვა ფასილიტატორებთან ერთად (იმ სკოლებში, სადაც ერთზე მეტი ფასილიტატორია) დაეხმაროს ადმინისტრაციას სკოლის განვითარების გეგმის შემუშავებაში. ამისათვის, სასურველია, რომ წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასასრულს, სკოლაში გაიმართოს ფასილიტატორების სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ისინი შეაჯამებენ საკუთარ მუშაობას, გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, იმსჯელებენ საერთო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
რა არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქციები და როგორ წარიმართება მისი საქმიანობა?
სქემა მკაფიოდ განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქციებს. კერძოდ, ფასილიტატორს ეკისრება შემდეგი ფუნქცია- მოვალეობების შესრულება: მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალურ პროფესიულ საჭიროებათა დადგენაში სქემის თანახმად, პირველი აქტივობა, რომელსაც ყველა მასწავლებელი ახორციელებს სასწავლო წლის დაწყებისას, არის თვითშეფასების კითხვარის ფორმის შევსება, რომელიც განთავსებულია ელექტრონულ სისტემაში, მის პირად პროფილზე. სასწავლო წლის ბოლოს კი უბრუნდება მას და აანალიზებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას, რის საფუძველზეც მომდევნო წელს ხელახლა ავსებს მას და გეგმავს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას. ამდენად, თვითშეფასების კითხვარი არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ღრმად და საფუძვლიანად გაიაზროს მისი თითოეული პუნქტი და ობიექტურად შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მისი პრაქტიკა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, ამ აქტივობის განხორციელებისას, განსაკუთრებით სქემის ამოქმედების პირველ წელს, ძალიან ფასეული იქნება ფასილიტატორის მიერ მასწავლებლისათვის გაწეული მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს თვითშეფასების ობიექტურობის ხარისხის უზრუნველყოფა და მასწავლებლის თვითრეფლექსიის უნარის სათანადაოდ გამომუშავება. თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ფასილიტატორის დახმარების ფორმა უმეტესად არის ინიდივიდუალური, განსაკუთრებით სქემის ამოქმედების პირველ წელს. თუკი ის მიიჩნევს საჭიროდ, რომ მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებს სჭირდებათ ზოგადი ინსტრუქციები, თუ როგორ შეავსონ თვითშეფასების კითხვარი, მას შეუძლია წინასწარ ჩაატაროს ჯგუფური შეხვედრა ამ მასწავლებლებთან. მომდევნო წლებში, როდესაც მასწავლებლები საკმარისად დახელოვნდებიან ამ საქმიანობაში, მათ უნდა შეძლონ თვითშეფასების კითხვარის დამოუკიდებლად შევსება და გაანალიზება.
მასწავლებლის დახმარება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაში. მას მერე, რაც მასწავლებელი შეავსებს თვითშეფასების კითხვარს, იგი ადგენს მინიმუმ ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რათა გამოასწოროს ხარვეზები საკუთარ პრაქტიკაში და განვითარდეს პროფესიულად. ეს ეტაპი მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან პროფესიული განვითარების მიზნით სწორად შერჩეული და გონივრულად დაგეგმილი აქტივობები განაპირობებს მასწავლებლის წარმატებას და, შესაბამისად, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვ- ნელოვანია ამ საქმიანობაში მასწავლებლის თანამშრომლობა ფასილიტატორთან, მისი გამოცდილების, რჩევების გათვალისწინება. სამოქმედო გეგმის შედგენა, ბუნებრივია, თვითმიზანი არ არის. მისი მიზანია თვითშეფასების შედეგად პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და, ზოგადად, საკუთარი კვალიფიკაციის სრულყოფისთვის აუცილებელი, კონკრეტული საქმიანობების განსაზღვრა. ამიტომ სამოქმედო გეგმას თანამიმდევრულად და ზედმიწევნით განხორციელება სჭირდება. სწორედ ამაში უნდა გაუწიოს ზედამხედველობა ფასილიტატორმა მასწავლებელს მიმდინარე ფოკუსირებული კონსულტაციების გზით.
ფასილიტატორის მუშაობა საქმიანობის ამ ეტაპზე შესაძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ ზედამხედველობით, მაგალითად, მას შეუძლია გამოჰკითხოს მასწავლებლებს, დაესწრნენ თუ არა ტრენინგებს, გაეცნენ თუ არა შესაბამის რესურსებს და ა.შ. ასევე რამდენად შეუწყო ხელი ამ აქტივობებმა მათ პროფესიულ წინსვლას, შეძლეს თუ არა ახლად შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა და ა.შ. ფასილიტატორის მასწავლებლებთან მუშაობის ფორმატი საქმიანობის ამ ეტაპზე შესაძლებელია იყოს ჯგუფური. ფასილიტატორს მასწავლებლებთან კომუნიკაციისთვის შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული ფოსტაც. მას შემდეგ, რაც მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლები დაასრულებენ თვითშეფასების კითხვარის შევსებას, ფასილიტატორმა, სასურველია, გააანალიზოს შედეგები, დააჯგუფოს პრობლემები და დაგეგმოს ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები.
მონაწილეობა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.
როგორც ვიცით, ფასილიტატორი ამავდროულად არის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრიც.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის, როგორც მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის, უფლება-მოვალეობებია:
·
დაესწროს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და შეაფასოს ისინი გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის გამოყენებით;
·
მონაწილეობა მიიღოს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;
·
მონაწილეობა მიიღოს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე;
·
შეაფასოს მასწავლებლების პროფესიული საქაღალდეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით;
·
მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში.
·
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის განსაკუთრებული ფუნქცია შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლებისთვის შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე განმავითარებელი შეფასებისა და რეკომენდაციების მიწოდება. მოთხოვნის შემთხვევაში, ფასილიტატორი ვალდებულია, პირადად გააცნოს მასწავლებელს შეფასების ჯგუფის რეკო- მენდაციები და მისცეს მას ყველა საჭირო განმარტება.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები ასევე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლის პირად პროფილში სპეციალურად გამოყოფილ ველში.
ამრიგად, ფასილიტატორის საქმიანობა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
1. სქემის ამოქმედების შემდეგ, სასწავლო წლის დასაწყისში, როგორც კი დასრულდება მათი შერჩევა და დაიწყება გადამზადების პროცესი, ფასილიტატორის აწყობს ჯგუფურ შეხვედრას მასწავლებლებთან და აძლევს მათ ინსტრუქციას, თუ როგორ შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.
2. თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში, განსაკუთრებით, სქემის ამოქმედების პირველ წელს, ფასილიტატორმა საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური კონსულტაციები უნდა გაუწიოს მასწავლებელებს.
3. თვითშეფასების კითხვარის შევსებისთვის სკოლის მიერ დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ ფასილიტატორმა უნდა გააანალიზოს მასწავლებელთა შედეგები, გამოკვეთოს და დააჯგუფოს პრობლემები და ამის საფუძველზე დაგეგმოს ჯგუფური შეხვედრები მასწავლებლებთან. ჯგუფურ შეხვედრებზე განიხილება მასწავლებელთათვის პრობლემური თემები, ფასილიტატორი აძლევს მასწავლებელებს რეკომენდაციებს, თუ რა აქტივობების უნდა განახორციელონ მათ ამა თუ იმ პრობლემების გადასაჭრელად, ასევე სთავაზობს საჭირო რესურსებს და უწევს კონსულტაციას. შეხვედრების შედეგად მასწავლებელები მუშაობენ ინდივიდუალური პროფესიული სამოქმედო გეგმის შედგენაზე, რომელსაც ისინი განათავსებენ ელექტრონულ სისტემაში, საკუთარ პროფილზე. საკონსულტაციო ჯგუფური შეხვედრები გრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, მათი რაოდენობა დამოკიდებულია სკოლის და მასწავლებელთა საჭიროებებზე.
4. თვალს ადევენებს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების საქმიანობას და, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს რეკომენდაციებს.
5. გაკვეთილზე დაკვირვების წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ფასილიტატორი აფასებს მასწავლებელთა გაკვეთილებს. მას განსაკუთრებული როლი ეკისრება მასწავლებლის განმავითარებელ შეფასებაში.
6. იმ სკოლებში, რომლებშიც ერთზე მეტი ფასილიტატორია, მნიშვნელოვანია სკოლის შიგნით ფასილიტატორებს შორის თანამშრომლობა. სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც ისინი გააანალიზებენ მათი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარებს და ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებს, სასურველია, ფასილიტატორები შეიკრიბონ, განიხილონ, გააანალიზონ გამოვლენილი პრობლემები და შეიმუშაონ მუშაობის ერთიანი სტრატეგია. ასევე სასურველია სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრების მოწყობაც.
ყოველი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ, სქემით გათვალისწინებული საქმიანობების დამაკმაყოფილებლად განხორციელების შემთხვეევაში, ფასილიტატორს მიენიჭება 1 კრედიტქულა. იმ შემთხვევაში, თუკი სკოლაში მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორად არჩეულია პრაქტიკოსი მასწავლებელი, მას პრაქტიკოსად ყოფნის პერიოდში უგროვდება შესაბამისი რაოდენობის კრედიტქულები, რომლებიც უღიარდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შემდეგ.
რამდენი ფასილიტატორის არჩევა შეუძლია სკოლას? ფასილიტატორის არჩევის რა განსხვავებული გზები არსებობს?
ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი. თითოეულ სკოლაში ფასილიტატორების რაოდენობა განისაზღვრება მოცემულ სკოლაში მასწავლებელთა რაოდენობის მიხედვით. სკოლას შეუძლია აირჩიოს 1 ფასილიტატორი ყოველ 12-დან 25-მდე მასწავლებელზე. ეს აძლევს სკოლას უფლებას, არსებული ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, მაქსიმალურად რეალისტური გადაწყვეტილება მიიღოს და აირჩიოს იმდენი ფასილიტატორი, რამდენიც სკოლას სჭირდება. მცირეკონტინგენტიან სკოლას, რომელშიც მასწავლებელთა რაოდენობა 12-ზე ნაკლებია, მაგრამ სკოლა მიიჩნევს, რომ მას აქვს შესაბამისი რესურსი, შეუძლია აირჩიოს 1 ფასილიტატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასების ჯგუფი ვერ დაკომპლექტდება და, შესაბამისად, სკოლამ უნდა მიმართოს ფასილიტატორის შერჩევის ალტერნატიულ გზას.
ვინ შეიძლება გახდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი? სქემის ამოქმედების დროისთვის, ანუ
2015 წლის სექტემბრისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ჯერ არ ეყოლებათ მენტორები, რომელთათვისაც შემდგომში ვალდებულება იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება. ამიტომ ამ ეტაპზე ფასილიტატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ფასილიტატორს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია ეკისრება სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაამტკიცა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან უნდა აირჩიოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები კანდიდატი / კანდიდატები. ფასილიტატორს მოეთხოვება ინტენსიური და პოზიტიური თანამშრომლობა თავის კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. მას ასევე უწევს საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებაც. ამიტომ იმისთვის, რომ ფასილიტატორის მუშაობა წარმატებული და რეალურად შედეგის მომტანი იყოს, ცხადია, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შერჩეული კანდიდატის პიროვნული თვისებების გათვალისწინებაც. ფასილიტატორი შეიძლება გახდეს მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც აქვს მოცემულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სტაჟი. მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი საკმარისად კარგად იცნობდეს საკუთარ კოლეგებს და, ამასთანავე, მათი ნდობითაც სარგებლობდეს. ფასილიტატორის შერჩევა ხდება ორი ნიშნით – პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია კანდიდატების შეფასებისას.
პროფესიული მახასიათებლები:
მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივ ცოდნას. ფასილიტატორი პირველ რიგში მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს საგნობრივ ცოდნას, რაც მისი პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
იცნობს და პრაქტიკაში იყენებს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს (სწავლა-სწავლება, შეფასება, სასწავლო გარემო). ცხადია, ფასილიტატორს, როგორც მაღალკვალიფიციურ პედაგოგს, არ უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ტრადიციული, უკვე კარგად ნაცნობი მიდგომების გამოყენება თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში. ის უნდა იყოს სიახლეზე ორიენტირებული, მუდმივად უნდა ეცნობოდეს ამ სიახლეებს და ცდილობდეს მათ დანერგვას საკლასო ოთახში. მუდმივად ორიენტირებულია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. ადამიანი, რომლის ფუნქცია სკოლაში საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა, ცხადია, თავად უნდა იძლეოდეს ამის მაგალითს. საკუთარი საქმიანობით ის უნდა ადასტურებდეს, რომ აანალიზებს თავის პრაქტიკას, ცდილობს აღმოფხვრას ხარვეზები და მუდმივად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
აქვს მაღალი პროფესიული მოტივაცია და შეუძლია სხვათა მოტივაციის ამაღლება. ფასილიტატორად უნდა შეირჩეს საკუთარი პროფესიის ერთგული, მაქსიმალურად მოტივირებული, ენთუზიასტი თანამშრომელი, რომელიც საქმისადმი თავისი დამოკიდებულებით შეძლებს საკუთარი კოლეგების წახალისებასაც. მის მოსწავლეებს აქვთ მაღალი აკადემიური მიღწევები. პედაგოგის კვალიფიკაციის მთავარი ინიდიკატორი, რა თქმა უნდა, არის მისი მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. სასურველია, სკოლამ ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელსაც აქვს საუკეთესო პრაქტიკა, რაც მისი მოსწავლეების შედეგებზე აისახება. ზრუნავს სკოლის განვითარებაზე. ნამდვილი პროფესიონალი მუდამ ცდილობს გააუმჯობესოს გარემო, რომელშიც მას უწევს მუშაობა. წინსვლაზე, განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგი, ბუნებრივია, ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთლიანად სკოლის განვითარებაზეც.
შეუძლია მუშაობა კულტურულად მრავალფეროვან გარემოში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებელს უწევს სოციალურად, კულტურულად, ეთნიკურად თუ რელიგიურად განსხვავებული ადამიანების გარემოცვაში მუშაობა, აუცილებელია, რომ მას კარგად ჰქონდეს განვითარებული ასეთ მრავალფეროვან გარემოში ადამიანებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის უნარი.
აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი. ფასილიტატორის საქმიანობა მოითხოვს მასწავლებელთა მუშაობის პროცესის, მათ მიერ მიღწეული შედეგების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ამდენად, კანდიდატის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მისი ანალიტიკური აზროვნების უნარიც.
ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს. მოგეხსენებათ, სკოლები მთლიანად გადადიან ელექტრონულ სისტემაზე. ამ სისტემაში ყველა მასწავლებელს აქვს საკუთარი პროფილი, რომლის გამოყენებითაც ისინი შეძლებენ საკუთარი საქმიანობის დაგეგემვას და მართვას. ფასილიტატორს, როგორც შეფასების ჯგუფის წევრს, აქვს წვდომა მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების პირად პროფილზე. მისი ვალდებულებაა მასწავლებლების მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარის, ასევე განხორციელებული საქმიანობების ამსახველი დოკუმენტაციის გაანალიზება და შეფასება, ელექტრონული ფორმით მასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება, რომელთაც ის განათავსებს მასწავლებლის პირად პროფილზე, სპეციალურად გამოყოფილ ველში. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ფასილიტატორად შერჩეული მასწავლებელი კარგად ერკვეოდეს და ფლობდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
იცნობს და შეუძლია გამოიყენოს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები. ფასილიტატორს უნდა შეეძლოს კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს მასწავლებლებს, რომელთაც უწევთ ისეთ კლასებთან მუშაობა, რომლებშიც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. არაქართულენოვან სკოლის მიერ არჩეული ფასილიტატორი უნდა ფლობდეს სა- ხელმწიფო ენას, რათა შეუფერხებლად ჩაერთოს ფასილიტატორისთვის განკუთვ- ნილ პროფესიული განვითარების აქტივობებში პიროვნული მახასიათებლები: არის სამართლიანი და ობიექტური. ვინაიდან მასწავლებლის პროფესიული გან- ვითარების ფასილიტატორი ამავდროულად არის სკოლის შეფასების ჯგუფის წევრი, რომელიც აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, ასევე მის პროფესიულ საქაღალდეს და მონაწილეობს მისთვის კრედიტქულების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ცხადია, ამ საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად განმსაზღვრელია ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა სამართლიანობა და ობიექტურობა. იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს. სკოლა – ეს არის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი. მისი თითოეული წევრი უნდა აცნობიერებდეს ამ საერთო მიზანს და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განხორციელებაში. ფასილიტატორი უნდა იზიარებდეს გუნდური მუშაობის პრინციპებს და ამასთანავე ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომლობითი კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას სკოლაში. აქვს ლიდერის თვისებები - ფასილიტატორის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება, მათი საქმიანობის დაგეგმვასა და ზედამხედველობას სჭირდება კარგი ორგანიზატორი და ლიდერის თვისებების მქონე პროფესიონალი. არის კოლეგიალური - ფასილიტატორის სამუშაო მთლიანად აგებულია კოლეგებთან თანამშრომლობაზე, რადგან პოზიტიური თანამშრომლობით გარემოს ვერ შექმნის ადამიანი, რომელიც არ არის კოლეგიალური, არ სცემს პატივს საკუთარ თანამშრომლებს და არ აღიქვამს მათ თანამოაზრეებად-აქვს კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი -
სქემის თანახმად, ფასილიტატორი აკვირდება მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, რის საფუძველზეც აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას, სისტემატურად უწევს კონსულტაციებს. ამდენად, ფასილიტატორი მთელი ამ სამუშაოს წარმატებით განსახორციელებლად აუცილებლად უნდა ფლობდეს მაღალი დონის საკომუნიკაციო უნარებს. მას უნდა ჰქონდეს უნარი, მასწავლებლებთან ურთიერთობის დროს თავი აარიდოს კონფლიქტურ სიტუაციებს, ასევე თავი შეიკავოს კატეგორიული და ღირსების შემლახავი საუბრისგან.
0 comments:
Post a Comment